The flowers of Vietnam

Standard

სახლისაკენ მიმავალ გზაზე ერთი გაჩერება მიყვარდა განსაკუთრებით. ავტობუსის ფანჯრიდან დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში შემეძლო მეყურებინა იებისა და ფერადი ვარდებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა ყოველთვის გადატვირთული, მტვრიანი და ხმაურიანი იყო, რატომღაც ყვავილებს ეს არ ადარდებდათ – ასე მეგონა…

მართალია, ფერადი ვარდები სულაც არ იყო იმ ფერის, რომელსაც რეალურად ვხედავდი, სუნი მაინც განსხვავებული ასდიოდათ. ჩემი ავტობუსი ყოველთვის ჭუჭყიანი, წითელი და დაბერებული იყო, მაგრამ შეჩვეული ვიყავი და სულაც არ მქონდა იმის სურვილი, რომ ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ დროშის მეორეფერისფერ ტრანსპორტში ჩავმჯდარიყავი.

პანსიონში გაკვეთილებს ადრე ვამთავრებდი. შემდეგ ფსევდო მეგობრებთან რამდენიმე სრულ, ან ნახევარ საათს ვატარებდი და მოუთმენლად ველოდი დროს, როცა მარტო დარჩენა შემეძლებოდა…

ქალაქში განსაკუთრებით ერთი ბაღი მიყვარდა. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი ორ ფეხა ხის სკამებით, მაგრამ რაღაცნაირი, მრგვალი, მაღალი და თეთრი ლამპიონები იდგა. სწორედ ეს მხიბლავდა ამ ხმაურიან ადგილში. ხანდახან წარმოვიდგენდი აქაურობას თოვლით დაფარულს; მე ხელჩაკიდებული მივდიოდი, სახეზე თოვლის ფანტელები მაცვიოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამაზე მეტი ბედნიერება სამოთხეშიც კი არ იარსებებდა – თოვლი, იები, ხელები…

* * *

დრო ვიეტნამს არაფერს უცვლიდა. იგივე იყო ფერებიც – ყვითელ/წითელ/ნაცრისფერ ტონებში გადაწყვეტილი ქალაქი ისევ 2 თვლიანი ველოსიპედებით და სასაცილო ქუდებით დადიოდა. იმ ბაღში, სადაც ჩემთვის გამუდმებით თოვდა, ხშირად ვხედავდი ხელებს – არა ჩემს ოღონდ… ყვითელ ავტობუსში იძულებით ჩამჯდარი კი, სახლისკენ გზაში, აქტიურად ვიბრძოდი მარჯვენა ფანჯრისკენ ადგილის დასაკავებლად, მინდოდა ისევ მეგრძნო იებისა და ფერადი ვარდების სუნი. ჰაერში ძველი წიგნის სურნელი იყო მიმოფანტული – ფანჯრებს იქით, და შიგნით…

ყველაფერი იცვლებოდა, მაგრამ თითქოს მაინც უძრავი იყო ვიეტნამი თავისი სახით, 5 ქიმიანი ვარსკვლავით, 2 ფერიანი დროშით და ტრანსპორტით,  ხელებით და საკუთარი წარმოების კრემებითაც კი. თითქოს არც მახსოვს, როდის დავიწყე ქალაქზე დაკვირვება. ალბათ, სახლისაკენ მიმავალ გზაზე, როცა უიმედოდ ვცდილობდი ფანჯრებიდან მეყნოსა ყალბი, მკვდარი მცენარეების აბსოლუტურად არ არსებული სურნელი. მხოლოდ ცარიელი სახლისკენ მიმავალი გზა იყო, რაც გამაჩნდა…

* * *

ირეოდა უამრავი ადამიანი,  ფიქრობდა ბევრზე, აკეთებდა ცოტას, მე კი ამ ქალაქივით უძრავად ვიდექი ვარსკვლავის, ფერებისა და ხალხის ქვეშ. თითქოს სულ ომი იყო ფერებისათვის, ჰაერში გაფანტული მტვრიანი, ყალბი სურნელისათვის და ხელჩაკიდებული, თოვლიანი, მრგვალი, თეთრი, მაღალლამპიონებიანი უკვე სხვისი ბაღისთვის…..

Advertisements

One thought on “The flowers of Vietnam

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s