“ბავშვის სიკვდილი ღვთის ნებაა!”

Standard

საქართველოს მეზობელი ქვეყნის – აზერბაიჯანის კანონმდებლობით, ეკომიგრანტები ექცევიან „იძულებით გადაადგილებულ პირთა“ კატეგორიაში. იძულებით გადაადგილებული პირების დეფინიციაში ეკომიგრანტები შედიან ისეთი ქვეყნების კანონდმებლობებში, როგორიცაა სიერა ლეონე, უგანდა, სუდანი… საქართველოში კი იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მხოლოდ კონფლიქტების შედეგად დევნილ მოქალაქეებს ეძლევათ. ხოლო იმ ოჯახების წარმომადგენლები, რომლებიც სტიქიური უბედურებების გამო, საქართველოს ერთი რეგიონიდან მეორეში იძულებით გადაადგილდნენ, შესაბამისი სტატუსის არქონის გამო, ვერ სარგებლობენ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გათვალისწინებული ისედაც მწირი სოციალური შეღავათებით. (წყარო )

1 თვის წინ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით ვორქშოფი და სასწავლო ტური ჩატარდა ჟურნალისტებისათვის, სადაც მთავარი თემა ე.წ. “ზემო მლეთის ტრაგედია” იყო. ეს არის პატარა დასახლება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სადაც დაახლოებით 15 ოჯახს არც მეტი არც ნაკლები ზედ წყალზე სძინავთ. ყველაფერი კი ასე დაიწყო…

ორი წლის წინ მოვარდნილმა მეწყერმა და ნიაღვარმა მოსახლეობა აიძულა არამხოლოდ მთავრობისთვის, მედიასაშუალებებისთვისაც მიემართათ და შველა ეთხოვათ. მდინარე პირდაპირ მათი სახლის კართან ჩამოდიოდა. ადგილობრივმა თვითმმართელობამ მათი გადასახლებისათვის მზადება და მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა დღემდე ადამიანები კვლავ იქ ცხოვრობენ. დაპირებებიდან რამდნეიმე დღეში მოვარდნილმა ღვარცოფმა 5 წლის ხატიას სიცოცხლე შეიწირა.

როდესაც ჩვენ ხატიას ოჯახს (და არამარტო) ვესტუმრეთ, მძიმე სურათი დაგვხვდა. ხალხი ცხოვრობს მხოლოდ ბეტონის კედლებში, ერთ ოთახში აქვთ სასტუმროც, საძინებელიც, სამზარეულოც… ინტერიერის აღწერას აღარ დავიწყებ, ნაკლებ სასიამოვნო იქნება თქვენთვის. ოთახს რომ ვათვალიერებდი, იმ ადგილას, სადაც ჭერიდან ჩამოსული წყალი ჟონავდა, რაღაც მოძრავმა სხეულმა მიიქცია ჩემი ყურადღება, მივუახლოვდი და ხელში თვენახევრის ნინიკო შემრჩა – ალბათ წარმოგიდგენიათ ჩემი რეაქცია…

იქ ყოფნისას კიდევ ერთ საინტერესო რამ შევიტყვე, თურმე წინა არჩევნებისას ყველა ოჯახს დაპირდნენ გაზს და ა,შ, როგორც იციან ხოლმე, გაზი მართლაც გაიყვანეს არჩევნებამდე 1 დღით ადრე, თუმცა საარჩევნო უბნის დახურვისთანავე გაზმომარაგება შეუწყდათ ოჯახებს. აქ ალბათ ყველასთვის ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მე მაინტერესებდა ოფიციალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელ იოსებ ზაქარიაძისგან პასუხიც მივიღე – გაზის მიწოდებისას შეფერხება მოხდა, პრობლემა ალბათ რამდენიმე თვეში აღმოიფხვრებაო. გასაგებია, 4 წელი სჭირდება ალბათ ისეთი რთული საქმეა, ახლა ოქტომბრისთვისაც ჩაირვება და “ვაშას” დაძახებას ვერ მოასწრებენ, რომ ისევ 4 წლით დაემშვიდობებიან ბუნებრივ აირს.

ბატონ იოსებს 5 წლის ხატიაზეც შევეკითხე – რატომ არაფერი იღონეს, ბატონი რწმუნებული არც ამჯერად დაიბნა და მიპასუხა: “ოჯახს ანაზღაურება მივეცით ათასი ლარის ოდენობით, ბავშვის სიკვდილი რა საკვირველია ცუდია, მაგრამ ყველაფერი ხომ ღვთის ნებაა” – ამის შემდეგ ღრდა მასთან რამეზე საუბარი?! მე არამგონია…

ფაქტი კი ფაქტად რჩება, მიუხედავად დაპირებებისა, ოჯახები ისევ შიშით აძინებენ ბავშვებს, ყოველ ღამე ისევ მორიგეობენ ოჯახის უფროსები ცალ-ცალკე, ორი წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ლოგინად ჩავარდნილი 90 წლის მოხუცი ისევ აკანკალებული უყურებს ალბათ საწოლის ძირს – მისი სახლის პირველ სართულზე ხომ კალმახები ბინადრობენ ხშირად!

პოსტის წერისას გავეცანი რადიო თავისუფლების, ადამიანის უფლებათა სახლისა და ეკომიგრანტების ჩანწერებს აღნიშნულ ვორქშოფთან დაკავშირებით – ფაქტობრივი უზუსტობები არ მინდოდა გამპარვოდა. რადიო თავისუფლებაზე საინტერესო კომენტარს გადავაწყდი:  დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ ჩემთან არ დაიწერება, ცუდია, რომ ადამიანების უმეტესობას მხოლოდ აიფონი და ახლადგახსნილი კაფე-ბარები ადარდებს. არ ვარ ბანალური, ამას მაშინ მივხვდი, როდესაც პირისპირ აღმოვჩნდი მათთან, ნამდვილად ცუდია სიკვდილის შიშში ცხოვრება…

      

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s