სიცოცხლესა და სიკვდილზე

Standard

ადამიანები იმდენს ლაპარაკობენ სიცოცხლესა და სიკვდილზე, ეს უკანასკნელი მითად მიგვაჩნია ხანდახან. ყველამ იცის, რომ მისი საყვარელი ადამიანი – დედა, მამა, შეყვარებული, შვილი და ა.შ. ოდესმე აუცილებლად მოკვდება. დაბადებიდანვე იცის. სანამ მე ამ პოსტს ვწერ და თქვენ კითხულობთ, ათასობით ადამიანი კვდება და უფრო ათასობით ადამიანს სტკივა გული. ეგ კიდევ არაფერი.. მე ყოველთვის მონატრების მეშინოდა… რომ გავა დრო და დაგაკლდება, აი ეგ მზარავს წესის აგებაზე უფრო მეტად.

ყველანი შეგუებულები ვართ, საყვარელი ადამიანის დაკარგვას, თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, გვერდით ყოფნისას არასდროს ვაფასებთ. არც სიკვდილისას, არც დაკრძალვის მერე… მაგრამ დრო რომ გადის… მაშინ ვუკრძალავთ საკუთარ თავებს ფიქრს (თუ ძლიერები ვართ), ან ვიკარგებით მოგონებებსა თუ ცრემლებში….

***

დიდი ხნის მანძილზე ველოდებოდით სტუმრებს. აგვისტოს ბოლო კვირას სულ გვეუბნებოდნენ მალე მოვალთო. დიდად არც გვინდოდა მათი დახვედრა, ნერვების და ხარჯის მეტი არაფერი უნდა წაეღოთ. 31 ში გამთენიისას თეთრი ოთახის კარი შეაღეს – დაუპატიჟებლად! გულის დარღვეული ფეთქვაც უცებ გაიგეს და. გაჩერდა… – გაუხარდათ (ალბათ)! მანამდე წუწუნებდნენ – რეანიმაციაში ადგილ აღარ გვაქვს, სასუნთქი აპარატი სხვებსაც დასჭირდებათ და ალბათ უნდა მოვხსნათო.

რამდენიმე საათით ადრე: 

მწვანე ხალათში (პირობითად ვუწოდებ სახელს) ჩაცმული ჩაპუტკუნებული, შავი, შუბლზეოფლმომდგარი ბიჭუნა გაგიჟებით გამოვარდა – გინდა თუ არა მითხარი პლასტიკური ოპერაცია თუ გინდაო! სისხლდენას ალბათ შევაჩერებთ, ზუსტად არ ვიცით (თუ არ შეჩერდა მოკვდება), მაგრამ პლასტიკური გინდა თუ არაო. სახემოღუშული მედდები ბლანკებით დარბიან, ხელი მომიწერე 40 საპონი რომ დავხარჯეთო (!!!). სრული საგიჟეთი. მე უფრო კაზინოს დავარქმევდი სადაც სიცოცხლეს ან იგებ, ან აგებ – ეს უკვე ფულის რაოდენობასა და”კრუპიეს” კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული.

ესეც გავიარეთ.. თითქოს არც არაფერია გასაკვირი საავადმყოფოებზე მომუშავე მენაყინის გარდა: “პირველი სიყვა-რულის მაა-როო-ჟ-ნი; პარლამენტარების მაა-როო-ჟ-ნი”….

***

ჩემს სახლშიც მოვიდა სიკვდილი.

ჩემს სახლსაც არ დააკლეს ჭორები.

ჩემი ბაბუაც არ მოასვენეს ყავისფერ სასახლეში.

ბებიას ტირილი.

ჩემი ისტერიული ფიქრები აქეთ და იქით, აქეთ და იქით…

კიდევ კარგი, მხოლოდ ორ დღეს გაგრძელდა აუცილებელი ცერემონია.

რატომ არ არის საქართველოში კრემატორიუმი!

როგორც წესი, პანაშვიდები და დაკრძალვები დიდი ხნის უნახავი სანათესაოს თავშეყრის ადგილი ხდება ხოლმე. იბადება ახალი ჭორები, იგებენ ერთმანეთის არსებობის შესახებ. ჩვენს შემთხვევაში უძღები შვილი გამოჩნდა ბაბუასი. 40 წელი მამა არ უნახავს ქერად შეკრეჭილ ქუსლოჩკებზე შემხტარ რუსიკოს. ახლა დაუწყო შუბლზე კოცნა, ახლა მომადგა – მე ორი წლის წინ დავურეკე და მოვიკითხეო. ღმერთმანი, როგორ მინდოდა იმ წუთას ამოთხილ საფლავში ბაბუას ნაცვლად ის ჩამეწვინა. ქეთიმ მიხსნა და გამარიდა იმ საძაგელ არსებას, ბებიაჩემს 50 ლარიანს რომ აძლევდა ვითომ ჩუმად – ჩემი მეზობლების დასანახად – აი, რა კარგი შვილი დავრჩი ჩემს მამიკოსო – ახლა გამოვასწორებ სიცოცხლეში მხოლოდ 2ჯერ რომ ვნახეო!

ღმერთო, რა ამაზრზენია ხალხი!

რა გულისამრევია საზოგადოება, სადაც ვცხოვრობთ და ჩვენც, რადგან მისი განუყოფელი წევრები ვართ!

ჩემი მეგობრებიდან მხოლოდ 4 იყო მოსული და მხოლოდ ოთხმა მომისამძიმრა. აქედან ორი ჩემი მეჯვარე იყო (ქეთი ბოლომდე დარჩა ჩემთან), ნინი, კლასელი, რომელიც რამდენიმე წელია აღარ მინახავს და ურთიერთობა არ მქონია და კიდევ ერთი – მასთანაც დიდიხანია აღარ მაქვს ხშირი კონტაქტი.

სხვებმა დამიკიდეს. განა მე რამეს მიშველიდა მათი მოსვლა? მათი უბრალო სიტყვები – ვითომ რომ ძალიან შესტკივათ გული! პირიქით, უფრო მაიძულებდა მეფიქრა იმ საყვარელ, წვერებიან ბაბუზე, რომელიც უბეში მისვამდა ყოველ დილას და ისე მატარებდა სუფთა ჰაერზე, რომლის თავსაც მახსენებს აბსოლუტურად ყველა ნივთი, ყველა დეტალი და ჩემი თავიც კი, როცა სარკეში ვიყურები..

აღარ მინდა მე მასზე ფიქრი. მინდა როგორმე მოვერიო თავს და არ მეტკინოს გული იმაზე, რომ ხანდახან ცუდად ვექცეოდი მას. ვუყვარდი. მაპატიებს.

მეზობელმა კარები არ გამიღო, სკამების სათხოვნელად რომ ჩავედი – აქედან არ ვაღებ კარებს და აბა რა გიყოვო.

კიდევ ერთხელ მძულს საზოგადოება, რომელსაც ვეკუთვნი!

მაგრამ “მე-გობ-რე-ბო!” როგორ შეგიძლიათ იყოთ ასეთები?

ნეტა მომეცეს ძალა, საერთოდ ამოვიგდო ფიქრებიდან…

მე  უბრალოდ მინდოდა, ვინმეს წაეკითხა და გაეგო ის, რასაც 19 დღეა ვატარებ უთქმელად (და კიდევ რამდენი დამრჩა სათქმელი). ბევრს წაიკითხული აქვს ალბათ ეს პოსტი , მაგრამ მაინც.. :

ბაბუამ გამზარდა. პირველი ეს მინდოდა დამეწერა. ვიძინებდი მხოლოდ მის ხელში და დღემდე ვამაყობ ამით. შემიძია ვთქვა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ბაბუა მყავს [ღმერთმა დიდხანს მიცოცხლოს!]. მისი წყალობით შედარებით ადვილად გადავიტანე უ-მამ-ობა. რა იყო მე მესურვა და არ მქონოდა. სამაგიეროდ მე “ქოშები” მიმქონდა ხოლმე სახლის კარებთან ბაბუას მოსვლის დროისთვის [დაახლოებით საღამოს 5-6 საათი] დღეს იგივეს ბაბუა აკეთებს და ყოველთვის გული მტკივა, არ ვიცი რატომ, ალბათ იმიტომ, რომ არ მინდა სიბერე, უსუსურობა… არ ვიცი…. ბევრი რამ მაკავშირებს, უფრო სწორად, მთელი 20 წელი ბაბუასთან. დღეს თავისი ოთახიდან ჩუმად გამოვიდა, დამიდგა გვერდით და ხელები ოდნავ გაშალა [წეროებს რომ ვთამაშობთ ხოლმე, ისე] და მეუბნება: აი ამხელა იყავი 20 წლის წინ, მხოლოდ ჩემთან იძინებდი… – მინდოდა მეტირა ამ სიტყვების გაგონებისას. თავი შევიკავე…

ბაღშიც ბაბუამ მიმიყვანა, იქიდან გამოვყავდი, რაღცებს ყიდულობდა… მოკლედ, მისი წყალობით ასე თუ ისე ვგრძნობდი ბავშვობას…

***

არ დავწერ, რომ მიყვარს, მენატრება და მტკივა. მაინც ვერ გაიგებს, ალბათ ისე იცის.

თქვენ კი იცოდეთ, ძალიან ცუდია, როცა აღარ გყავს. სჯობს დაშორდე, იყოს სამყაროს მეორე ბოლოში, ამ დროს იმედი გაქვს, რომ ოდესმე ნახავ, მაგრამ სიკვდილი.. ეს სულ სხვა რამეა. როგორ არ მინდოდა, კარი გამეღო მისთვის…

ეს უფრო მგრძნობინებს, რომ გავიზარდე. დაბადების დღეები ქორწილებმა შეცვალა, ქორწილებს კი ალბათ დაკრძალვები ჩაანაცვლებს მალე…

ყველას მოეფერეთ. მე უფრო მეტად ვაფასებ ჩემს პატარა ოჯახს (და არამარტო)….

Advertisements

One thought on “სიცოცხლესა და სიკვდილზე

  1. ikuna

    მესმის შენი ტკივილის,ძალიან მესმის.
    მეც დავკარგე 20დღის წინ საყვარელი ადამიანი და ისე მტკივა რომ ხანდახან ძლივს ვიკავებ თავს რომ არ ვიკივლო მთელ ხმაზე.
    ალბათ ეს გრძნობა ოდესმე მიყუჩდება და ამისიც მეშინია. მინდა სულ მახსოვდეს.

    ძალიან მიყვარს, ძალიამ მენატრება და ძალიან, ძალიან მტკივა.

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s