9 დეკემბერი

Standard

DSC_69761999 წლის 9 დეკემბერი.

მივდივარ კორპუსებს შორის, ჭუჭყიანი ფანჯრებიდან სარეცხია გადმოფენილი. მეხსიერებას აგურისფერი კედლები შემორჩა. სადარბაზოს პირჩამოტეხილი კიბეები; ბევრი ხალხის სუნი და სიცხე. ვიღაცამ რიგი დამითმო.

ჩიტი გამოფრინდა, ხელი მოვაწერე, რაღაც თქვეს, ისევ იმ ხალხში და უკან, კორპუსებს შორის აღმოვჩნდი…

***

პირველად ვნახე თვითმფრინავი ახლოდან. მახსოვს ბაბუა – არ უნდოდა რომ წავსულიყავი. ვიღაცის მშობელს უფროსი ბიჭი ეხუტებოდა და ტირილით სთხოვდა მასთან დარჩენას.

დამშვიდობების ცერემონიალი კოდაკებისა და პოლაროიდის ფონზე.

გზა თვითმფრინავისკენ. პატარა, ყვითელი ჩანთა, რომელიც არ უნდა დამეკარგა!

რუსი ბორტ გამცილებლები. მხოლოდ ორი სიტყვა უცხო ენაზე – მადლობა და გამარჯობა.

***

ამხელა თოვლი არასდროს მინახავს – მუხლამდე და ძალიან მშრალი, სამწუხაროდ არც  ღამის ავტობუსიდან და არც სასტუმროს ოცდამეექვსე სართულიდან ჩანდა კარგად.

იმის შიშით, რომ დამლაგებელი ხაჭაპურებს მომპარავდა, უჯრაში დავმალე და უკან, თბილისში ჩამოტანას ვფიქრობდი.

ამიხდა თოვლში გასვლის სურვილი. უზარმაზარ, წითელ მოედანზეც გადავიღე ფოტო და აქვე რამდენიმე კილომეტრიან რიგში დავდექი. საათები გადიოდა, ხალხი არ იძვროდა, არ ირბინოთო, არ ითამაშოთო, არ იგუნდაოთო…

დიდი დარბაზი.

შუაში აღმართული შუშის კედლები წითელი, სქელი თოკებით იყო შემოსაზღვრული. ვიღაცის ხმა მკაცრად გვაფრთხილებდა არ გავჩერებულიყავით და სწრაფად გაგვევლო სასახლის წინ.

უკანა გზაზე „კოკა-კოლა“ ვიყიდე – 10 რუბლად – მახსოვს…

საღამოს თბილისს ვესაუბრე. მწუხარება გამოვთქვი  მელოტი ძიის მიწის ზემოთ დატოვების გამო…

მეორე დღეს ჩვენ რუსებსაც მოვუგეთ. სტუმრებმა ეგვიპტიდან სფინქსის ფოტოები დაგვირიგეს. მაშინ დავინტერესდი პირველად ამ ქვეყნით, თუმცა ფოტოს ქონა ჩემი რელიგიის დაკნინებად მივიჩნიე და დანანებით იქვე დავხიე.

***

თავის დაბანის მეშინოდა. დარწმუნებული ვიყავი შუქი ჩაქრებოდა ან წყალი დაწყდებოდა და გასაპნული დავრჩებოდი.

პირველად ვნახე ხელის ავტომატური საშრობი – საქართველოს იქამდე კიდევ ბევრი აკლდა…

სართულებს შორის დავიკარგე.

უჯრაში შედებული ხაჭაპურები დაობდა.

ფოიეში ნაყიდმა მიკი-მაუსმა ჯადოსნური ჯოხი დაკარგა.

ვტიროდი…

***

გზა აეროპორტისკენ.

გადადებული რეისები.

სამგზავრო ჩანთებზე ძილი.

ბარგის დაკარგვა.

საახალწლო განწყობის იმიტირებული შეგრძნება…

ღრუბლებში ფრენა და ახლა უკვე სამი სიტყვა – გამარჯობა, მადლობა, ნახვამდის.

ბაბუა დავინახე. სახლში მისულმა ვიკითხე, ჩემმა თვითმფრინავმაც თუ გაუშვა ორი ხაზი და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ თავი მსოფლიოს სრულყოფილ ნაწილად ვიგრძენი.

***

2013 წლის 9 დეკემბერი.

სუნიან სადარბაზოში აღებულმა ჩემმა პასპორტმა ზუსტად ცხრა წლის წინ, უბეჭდოდ დაკარგა ძალა.

ანსამბლი დაიშალა, დროც წლებში გაიშალა…

მოგონებები რუსეთზე, ლენინზე, წითელ მოედანზე, ფხვიერ თოვლსა და ათ რუბლად ნაყიდ „კოკა-კოლაზე“ ისევ შემორჩა, ჯადოსნურჯოხდაკარგული მიკი მაუსი კი ზუსტად ამ დღეს დაბადებული ჩემი შვილის ერთ-ერთ გამრთობად იქცა…

 

ლიტერატურული კონკურსი “ემიგრანტის წერილი”

Advertisements

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s