დუშეთი

სტანდარტული

3რამდენიმე წელია, რაც დუშეთში სახლი ვიყიდეთ. სოფელი არ მაქვს და ქალაქთან ახლოს მშვენიერი ვარიანტი იყო. ამ სახლში ოჯახი ცხოვრობს – დედა, რომელიც მუდამ კარგ ხასიათზეა, სულ რაღაცას აცხობს, ყოველთვის მოგისმენს და დაგეხმარება ნებისმიერ რამეში და მისი სამი შვილი, რომლებსაც არაჩვეულებრივი და-ძმობა აქვთ.

თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი სადღაც, ჩემთვის უცხო ადგილას, უცხო უბანში თუნდაც წელიწადში 1 კვირით დასვენებას, მაგრამ ახლა ვზივარ აივანზე, გარეთ წვიმს, ცხელ ჩაის ვსვამ და მგონია, რომ ამაზე დიდი სიმშვიდე და სიწყნარე არსად იქნება.

პირველად ვნახე ისეთ მეზობლობა, როგორიც აქ სცოდნიათ. ისინი ერთად სვამენ ყავას, ერთად ჭამენ, ყველაფერს ერთად აკეთებენ რაც შეიძლება ოჯახში ხდებოდეს. და არ გეგონოთ მხოლოდ 2-3 მოსახლეზე მაქვს ლაპარაკი. ეს არის უბანი, რომლის მსგავსიც ალბათ არსადაა. ჩემთვის წარმოუდგენელია, 80 წლის საოცრად საყვარელმა ბებომ ჩემს შვილს საკუთარი ხელით გაკეთებული ნივთები ისე აჩუქოს, რომ მხოლოდ ეზოდან ჰყავდეს დანახული. აქ არის ხალხი, რომლებსაც მე არ ვიცნობ, მაგრამ უბოროტოდ მიღიმიან და მესალმებიან.

როცა პირველად ამოვედი სახლის სანახავად, დუშეთის ობსერვატორია, გარემო, ის ადგილი სადაც უნდა ვიცხოვრო იმ ადამიანმა გამაცნო, რომლის ხმაც ყოველ მესამე საათზე ისმის. დავდიოდი ბალახებში და ვფიქრობდი – მე ხომ ამას ჩემი ნებით არასდროს გავაკეთებდი.

ამ ზაფხულს სამი კვირის განმავლობაში დავინახე სულ სხვანაირი ადამიანები და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობ თითოეულ მათგანს, როცა მე პატრულის გამოძახებით ვიმუქრებოდი ღამის 3 საათზე ფანჯრების წინ ხმაურიანი შეკრებისათვის, დანარჩენი აქაური მაცხოვრებლები მოთინებით იტანდნენ და პრეტენზიას არ გამოთქვამდნენ ნასვამი ბიჭების ქცევის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ მათაც უფრთხობდნენ ძილის ანგელოზებს.

აქ ვნახე ბევრი ადამიანი, ერთ ოჯახად წარმოდგენილი და უზარმაზარი, მეგობრული გარემო.

დუშეთი, ეს არის ქალაქი, რომლის მაცხოვრებლებიც ამაყობენ სოსო ნარიმანიძეთი, ნუცა ბუზალაძით, “იმ ქალით, “გააცინე და მოიგეში5000 ლარი რომ მოიგო“, დათო ქაშიაშვილით და როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ კარგი და სამართლიანი პრეზიდენტით, რომელიც უშუალო და არაფრით გამორჩეული ყოფილა.

უნდა ვაღიარო, რომ ეს უცხო ადგილი, ეს სახლი, როემლიც ნელ-ნელა ინგრევა და ის დიდი, ლამაზი ხეხილიანი ეზო შეუმჩნევლად შემიყვარდა და თითქმის თვე ისე გავიდა, მოწყენა ვერ ვიგრძენი. ეს იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ კარგი განწყობა და სასიამოვნო ატმოსფერო შეგვიქმნან მე და ჩემს ოჯახს, მადლობა მათ ამისთვის…